ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ მაშინ, როცა მაღაზიები არც კი არსებობდა. ეს მრავალსაუკუნოვანი ქართული საიუველირო ტრადიციებია, რომელიც სათავეს წინა ისტორიულ პერიოდში იღებს, მოგვიანებით საპატიო ადგილს მუზეუმებში პოულობს, დღეს კი უკვე მისი გაცოცხლებისა და განახლების სამსახურში საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ დგას.
”ზარაფხანას” ისტორია 1939 წელს იწყება, მაშინ, როცა თბილისის კოლორიტულ უბანში, შარდენისა და ვერცხლის ქუჩებზე განლაგებული პატარ-პატარა საიუველირო სახელოსნოების ენთუზიასტი ოქრომჭედლები ერთიანდებიან და იქვე, ლესელიძის ქუჩაზე „თბილისის საიუველირო ფაბრიკას” აარსებენ. საწარმო რამდენჯერმე იცვლის ადგილმდებარეობას და სახელს, მათ შორის, ერთი პერიოდი, „ეროვნული ზარაფხანაც” კი ჰქვია. სახელთა ცვლილების მიუხედავად, რეგიონის მასშტაბით ის თავის საქმეში სულ მოწინავეა.
2005 წელს საწარმო კერძო საკუთრება ხდება და ძველ სახელსაც - ”ზარაფხანას” - იბრუნებს, მაგრამ ძირითად პრიორიტეტად იგივე რჩება: საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.
ბევრ სხვა რამესთან ერთად კონკურენტთაგან „ზარაფხანას” სწორედ ეს გამოარჩევს: ის, ბუნებრივი და ძვირფასი, ასევე, არაძვირფასი თვლებისა და ქვების გამოყენებით თავის ოქროს, ვერცხლისა თუ თითბერის ნაკეთობებს საუკეთესო საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაყრდნობით ქმნის.
ამ ტრადიციების ნაყოფიერად გამოყენებისა და ისტორიული საგანძურის ერთგულების მიუხედავად „ზარაფხანა” თანამედროვეობას არასდროს ჩამორჩება. ეს ეხება საიუველირო საქმის ორივე კომპონენტს: როგორც დამზადების ტექნოლოგიას, ისე ნაკეთობების დიზაინს.
კომპანია მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიების განახლებაზე, უახლესი დაზგა-დანადგარებითაა აღჭურვილი და ყოველი ახალი ნაკეთობა, ვიდრე მომხმარებლამდე მიაღწევს, ხარისხის საექსპერტო შემოწმებას გადის.
გარდა ამისა, „ზარაფხანა” გულდასმით სწავლობს მომხარებლის ინტერესებსა და სურვილებს, ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსა და მოდის ტენდენციებს და შედეგად ეროვნულ ელემენტებთან დახვეწილად შეჯერებულ თანამედროვე სამკაულს ქმნის.
თავის მხრივ, ცალკე ისტორია აქვს „ზარაფხანას” ყოველი ახალი ნაკეთობის შექმნასაც. აქ უამრავი ადამიანია ჩართული: მხატვარი, რომელმაც თავისი ხედვა ადამიანის სხეულსა თუ გემოვნებას უნდა მოარგოს; იუველირები, რომელთაგან ბევრს მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს; ექსპერტები, რომლებიც ხარისხისა და სინჯის უტყუარობას ამოწმებენ; სამხატვრო საბჭო, რომელიც კოლექციის გამოშვებამდე ყოველ ახალ ნიმუშს ყურადღებით შეისწავლის.
„ზარაფხანაში” 130-ზე მეტი თანამშრომელია, აქ ყველა რგოლი - ოქრომჭედლიდან დირექტორამდე - ხარისხისა და დიზაინის დახვეწაზე ერთობლივად ზრუნავს, რომ საბოლოოდ ხარისხიანი ნედლეულისა და ულამაზესი ფორმების შერწყმით სრულყოფილმა შედეგმა მომხმარებლამდე მიაღწიოს.
მომხმარებელს კი საშუალება ეძლევა, „ზარაფხანას” პროდუქტი კომპანიის მაღაზიებში უკვე პირადად შეაფასოს. აქ, რთულია ყველამ მისთვის სასურველი ნაკეთობა არ აღმოაჩინოს, მით უფრო, რომ „ზარაფხანას” მაღაზიებში მომხმარებელთა დასახმარებლად კეთილგანწყობილი, გამოცდილი ასისტენტები მუდამ მზად არიან. აქ ნახავთ საქორწინო ხაზს, საეკლესიო ხაზს, საქართველოს არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნ სიძველეებზე დაყრდნობით შექმნილ სამკაულსა და სუვენირებსაც. ნახავთ საქართველოს კუთხეების, ძველი თბილისისა თუ ფილმების მოტივებზე შექმნილ სუვენირებს, დიზაინერულ ნაკეთობებსა და თანამედროვე სამკაულს.
ეს ყველაფერი „ზარაფხანას” ლიდერის პოზიციაში აყენებს. ის მომხმარებელში მოპოვებულ ნდობას განსაკუთრებით უფრთხილდება და თავის ისტორიას წარმატებით აგრძელებს.