მოკლე ინფორმაცია თეატრის შესახებ:
საქართველოში თოჯინების პროფესიული თეატრი დაარსდა 1934 წელს საქართველოს სახალხო არტისტის – გიორგი მიქელაძის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა ქართული თოჯინური დრამატურგია, მიქელაძესა და თეატრის მსახიობთა მცირე დასმა არჩევანი ს. ფედორჩენკოს პიესაზე შეაჩერა – „ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები.“ პირველი დადგმის განხორციელება წილად ხვდა მიხეილ სარაულს. სპექტაკლის მხატვრული გაფორმება მიანდეს მ. გოცირიძეს, მუსიკა – ვ. შავერზაშვილს. ქართული თოჯინური სცენის ესკიზი შექმნა პეტრე ოცხელმა. თოჯინები გამოთალა მიხეილ სარაულმა.
თოჯინების ქართულმა თეატრმა პირველი წარმოდგენა გამართა 1934 წლის 26 მაისს, ი. ჭავჭავაძის სახელობის კლუბში. პიესა საკმაოდ პრიმიტიული იყო, მაგრამ პირველი თოჯინური წარმოდგენის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი. სწორედ ეს დღე იქცა საქართველოში თოჯინების პროფესიული თეატრის დაბადების დღედ.
მეორე სპექტაკლი უკვე ქართული პიესის საფუძველზე დაიდგა – გ. როსებას „ღორმუცელა ჭამია.“ პირველი ქართული სპექტაკლი 200–ჯერ დაიდგა და იგი 40 000–მა მაყურებელმა ნახა.
თეატრის მიერ პირველ წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება სპექტაკლი „ცაცო“ – გ.როსებას პიესის მიხედვით. დადგმას ფართოდ გამოეხმაურა პრესა.
1936 წელს თოჯინების თეატრი განსახკომის (განათლების სახალხო კომისარიატის) სისტემაში შეიყვანეს და წლიური დოტაცია დაუწესეს. ამასთანავე, თოჯინების თეატრს შეუერთეს ქ. ჯუღელის ინიციატივით ჩამოყალიბებული ლანდების თეატრი. ლანდების ეკრანი პირველად გამოიყენეს სპექტაკლში „წკიპა.“
1934 წლიდან დღემდე თეატრი ზრუნავს პატარა ასაკის მაყურებლის განვითარებასა და ესთეტიკურ აღზრდაზე.
ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკოლოზ საბაშვილი, დირექტორი – კონსტანტინე ქარქაშაძე. თეატრი წარმოდგენებს მართავს მერაბ კოსტავას #59–ში, აბრეშუმის თეატრში.