მირ ფათაჰ მუშტაიდისა და მისი ბაღის ისტორია.
ლეგენდები და სინამდვილე
აყა მირ ფათაჰ მუშტაიდი ერთი იმ პიროვნებათაგანია, ვინც განსაკუთრებული კვალი დატოვა თბილისის ისტორიაში. ქალაქის მოსახლეობა დღემდე ინახავს მის ხსოვნას _ პირველ რიგში, იმ ცნობილი ბაღის წყალობით, რომელიც მუშტაიდმა 180 წლის წინ მტკვრის მარცხენა ნაპირზე გააშენა და რომელსაც თბილისელები ყოველთვის (საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა ბევრი რევოლუციამდელი თბილისური ტოპონიმი გაქრა ხმარებიდან) მისი სახელით მოიხსენიებდნენ.
აყა მირ ფათაჰი დაიბადა 1794 წელს თავრიზში დიდგვაროვანთა ოჯახში. მამამისს _ აყა მირზა იუსუფს თავრიზის უმაღლესი სასულიერო პირის _ მოჯთაჰედის თანამდებობა ეკავა და მოსახლეობაში ისეთი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა, რომ ლამის წმინდანად იყო შერაცხული. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი მირ ფათაჰმა დაიკავა. ისიც დიდად პოპულარული იყო, რასაც, წარმომავლობის გარდა, მისი პირადი თვისებებიც უწყობდა ხელს: ჰქონდა შესანიშნავი ორატორული ნიჭი და ხალხზე ზემოქმედების უნარი, იყო შემწყნარებელი, გულუხვი, გაჭირვებულთა ქომაგი. მირ ფათაჰის ამბიციებსა და თავდაჯერებულობაზე მიუთითებს ერთი ისტორია, რომელიც, ინგლისელი მოგზაურის უილიამ მონტითის ცნობით, ირანში ანეკდოტად დადიოდა. ამ ისტორიის მიხედვით, მირ ფათაჰი ისე გაკადნიერდა, რომ ირანის ხელმწიფეს სთხოვა, მისთვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა და 10000 თუმანი მიეცა. მონტითი ციტირებს თავად ირანის მეფეს, რომელიც, მისი თქმით, ამ ამბავს დიდი იუმორით ჰყვებოდა: `მე ვარ სპარსეთის პირველი მბრძანებელი, რომლისთვისაც კი ოდესმე რომელსამე მუშტაიდს მტვირთავობა და ბადრაგობა შეუთავაზებია. რაკი მირ ფათაჰის მოთხოვნა იყო, ეს ამბავი ჩვენ გარდა არავის სცოდნოდა, როგორც ჩანს მე ეს ფული ზურგზე უნდა მომეკიდებინა და მეფის ასულიც ჩემი ხელით მიმეყვანა მასთან~.
მუშტაიდის რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა იწყება 1827 წელს, როცა ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გენერალი ი. პასკევიჩი თავრიზზე ლაშქრობის დროს მას დაუკავშირდა და რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესთავაზა. მირ ფათაჰმა რუსებს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია: რეალურად შეაფასა რა ირანის სამხედრო შესაძლებლობები და არეული საშინაო მდგომარეობა, მან თავრიზელ მეციხოვნეებსა და ხალხს კაპიტულაციისაკენ მოუწოდა. გადმოცემებით, `ირანის პირველი მინისტრის ალაიარ ხანის თვალწინ მუშტაიდმა თავრიზის ცენტრალურ მოედანზე შაჰის საწინააღმდეგო სიტყვა წარმოთქვა. იგი მოაგონებდა ხალხს ყაჯართა სისასტიკეს, მათი მმართველობის ყაჩაღურ ხასიათს, ერთდროულად აქებდა რუსეთის მმართველობას ამიერკავკასიის სახანოებში, კერძოდ ერევანსა და ნახჭევანში, რომელიც მაშინ რუსეთის ჯარებს ეკავათ~. მისმა აგიტაციამ უკვალოდ არ ჩაიარა. თავიანთი სულიერი წინამძღოლის მიერ წაქეზებულმა თავრიზელებმა არა მარტო უბრძოლველად დათმეს ქალაქი, არამედ სახელმწიფო დროშებითა და ალმებით ხელში რუსულ ჯარს თავრიზის მისადგომებთან დახვდნენ და ქალაქში დიდი ზარ-ზეიმით შეუძღვნენ.
რუსეთ-ირანის ომის დასრულებისა და თურქმანჩაის ზავის დადების შემდეგ მირ ფათაჰს ირანში საფრთხე ელოდა. პასკევიჩის დახმარებით, რომელიც ამ დროს კავკასიის მთავარმართებელი იყო, მან 1828 წლის 7 მარტს დატოვა თავრიზი და მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად კავკასიაში გაემგზავრა. მის გამგზავრებას აპროტესტებდა და ყოველნაირად ხელს უშლიდა როგორც ირანის ხელისუფლება, ისე ადგილობრივი მოსახლეობა. ირანის ხელისუფლება კარგად აცნობიერებდა მირ ფათაჰის დიდი ავტორიტეტის მნიშვნელობას და ცდილობდა მუშტაიდი დარჩენაზე დაეყოლიებინა. რაც შეეხება თავრიზის მოსახლეობას, მათ თავიანთი სულიერი ლიდერის დაკარგვა ადარდებდათ: წყაროების ცნობით, ატირებული ხალხი წინ გადაეღობა მის ეტლს და საჭირო გახდა რუსული ჯარის ჩარევა, რათა მას ქალაქი დაეტოვებინა.
კავკასიაში გაქცეულ მუშტაიდს თავრიზში დარჩა დიდებული სახლ-კარი, რომელიც 27 000 თუმნად ანუ 400 000 რუბლად იყო შეფასებული. პასკევიჩის შუამდგომლობით, რუსულმა ხელისუფლებამ გაწეული სამსახურისთვის ის გულუხვად დააჯილდოვა და `ირანში დარჩენილი მნიშვნელოვანი უძრავი ქონების ასანაზღაურებლად~ უწყალობა შირვანის მხარის 15 სოფელი, რომლის წლიური შემოსავალი 5360 ვერცხლის მანეთი იყო, ყოველწლიური პენსია 2000 ჩერვონეცი, აგრეთვე სამეფო ვენზელით მორთული ბრილიანტის ბეჭედი, ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს მედალი, წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი და ოქროს საიმპერატორო გერბი.
რუსული ხელისუფლების მიერ მუშტაიდის თბილისში ჩამოყვანას, მოკავშირის დახმარების სურვილის გარდა, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, მიზანიც ჰქონდა. პასკევიჩს უნდოდა, ის ჩაება რუსულ იმპერიულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიის მუსლიმი მოსახლეობის დამორჩილებას რუსეთის მოკავშირე მოლების დახმარებით. დიპლომატიური კანცელარიის რიგი `საქმეების~ მიხედვით, მირ ფათაჰის თბილისში დასახლებისა და მისი ამ პროექტში ჩართვის ინიციატორი ირანში რუსეთის იმდროინდელი ელჩი ა. გრიბოედოვი იყო. 1828 წლის ივნისში მირ ფათაჰი დაინიშნა კავკასიის პირველი მუსლიმური კომიტეტის მეთაურად, რაც უზრუნველყოფდა მის, ერთი მხრივ, დიდ პოლიტიკურ და რელიგიურ გავლენას რეგიონში და, მეორე მხრივ, დიდ შემოსავალს. მას ევალებოდა შეეგროვებინა ინფორმაცია კავკასიის მუსლიმ მოსახლეობაზე და რუსულ პოლიტიკაში მათი ჩართვის გეგმა წარედგინა. მთავარმართებელ პასკევიჩთან დადებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მუშტაიდის განსაკუთრებული სტატუსი და გავლენა აღიარებულ უნდა ყოფილიყო რუსული ხელისუფლების მხრივაც. ეს პუნქტი უფლებას აძლევდა მას ადგილობრივ ხელისუფლებას არ დამორჩილებოდა და მათი ქმედებები პეტერბურგში გაეპროტესტებინა. მუშტაიდის ძალისხმევით, თბილისში გაიხსნა პირველი მუსლიმური სასულიერო სკოლა, რომლის მასწავლებლებსაც ხელფასს ხაზინა უხდიდა.
მუშტაიდის პრორუსულმა მოღვაწეობამ რუსეთ-თურქეთის ომის (1828-1829) პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. `ურწმუნოთა~ (რუსების) წინააღმდეგ თურქეთის სულთნის მიერ გამოცხადებულ `საღვთო ომის~ რიტორიკას მან დაუპირისპირა მუსლიმების რუსებთან მეგობრობის ლოზუნგი. მან, როგორც კავკასიის რელიგიურმა წინამძღოლმა, მოუწოდა ერთმორწმუნე თურქებს, არ ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ და დამორჩილებოდნენ რუსეთის იმპერატორს. მირ ფათაჰის აგიტაციითა და ძალისხმევით ჩამოყალიბდა მუსლიმური პოლკები, რომლებიც თურქების წინააღმდეგ იბრძოდნენ. თურქეთის წინააღმდეგ გაწეული სამსახურისთვის მუშტაიდმა ჯილდოდ მიიღო პეტერბურგში გამგზავრებისა და ნიკოლოზ მეფესთან აუდიენციის ნებართვა, რაც მას 1830 წელს პეტერბურგიდან მიღებული წერილით ეცნობა.
თბილისში ცხოვრების პირველი პერიოდი (1828-1831 წლები) მირ ფათაჰისთვის მშვიდი და უზრუნველი იყო. რუსული ხელისუფლებისა და, განსაკუთრებით, მთავარმართებელ პასკევიჩისგან იგი დიდი პატივითა და, ფაქტიურად, განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა. მუშტაიდი აქტიურად ჩნდებოდა თბილისის მაღალ საზოგადოებაში და საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო. 1828 წლის გაზეთ `ტიფლისსკიე ვედომოსტის~ ცნობით, `მისი აღმატებულება მთავარმართებლის სასახლეში გამართულ მეჯლისს ესწრებოდა მაჰმადიანური რელიგიის მეთაური მუშტაიდი აყა მირ ფეთთა, რომელიც სიამოვნებით ადევნებდა თვალს თბილისელი ლამაზმანების ცეკვას~. გერმანელი მოგზაური პროფესორი კარლ კოხი მუშტაიდს შეხვდა 1837 წელს რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის პატივსაცემად ზუბალოვის სახლში გამართულ მეჯლისზე. `დავასახელებ მოწვეულთა შორის ყველაზე შესანიშნავ წარმომადგენელს, კავკასიელ შიიტთა სამღვდელოების მეთაურს აყა მირ ფეთთას გრძელ ცისფერ კაბასა და წვრილწვერიან ცხვრის ტყავის ქუდში. მას ახლდა შვილი ღია ფერის ტანსაცმელში და რამდენიმე სასულიერო პირი~
- ასე იხსენებს ამ შეხვედრას მოგზაური.
მადლიერმა რუსულმა ხელისუფლებამ მუშტაიდს უბოძა 50 დესეტინა მიწის ნაკვეთი ახალ კუკიაში, მიხეილის გამზირის ბოლოს, მაშინდელი გერმანული კოლონიის მეზობლად. მუშტაიდმა მთელ ტერიტორიაზე ალვის, ჭადრის და თეთრი აკაციის ხეები დარგო და ულამაზესი ბაღი გააშენა. ბაღის ცენტრში, ოთხი ხეივნის გადაკვეთაზე ნათელი საზაფხულო სახლი იდგა. ბაღში, ძირითადად, ხილის ხეები ხარობდა და, თვითმხილველების აღწერით, გაზაფხულობით არა მარტო ხეები, არამედ მიწაც თეთრ-ვარდისფერი ყვავილებით იფარებოდა. ბაღის ხეივნების ორსავე მხარეს ჩარიგებული იყო ველური ვარდებისა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადიოდა. მდინარის ნაპირას მუშტაიდმა თავისთვის აიშენა სახლი, რომელიც აღმოსავლური გემოვნებით იყო მოწყობილი. ინგლისელი მოგზაური რიჩარდ უილბრეჰემი, რომელმაც 1837 წელს მოინახულა მუშტაიდი, ასე აღწერს მის სასტუმრო ოთახს: `შემიძღვნენ ოთახში, რომელმაც სოჰოს ბაზრის სათამაშოების მაღაზია მომაგონა. შუაში იდგა მაგიდა, რომელიც ყოველგვარი ოსტატური, მაგრამ გამოუსადეგარი სამშვენისებით იყო დაფარული. თაროები, რომლებიც კედელს მიუყვებოდნენ, სავსე იყო უცხოური კაბებით, ჩაჩქანებით, მოდელებით. რეპტილიებით სავსე ბოთლის განძრევა სახიფათო იყო, რომ არ გატეხილიყო ზოგიერთი ნაზი სათამაშო. ჭერზე ჩამოკიდებულ გალიებში სულ ცოტა ცამეტი კანარის ჩიტი სიმღერაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს და სამი დიდი სხვადასხვაგვარი, ხმამაღლა მოტიკტიკე საათი საუბარს შეუძლებელს ხდიდა~.
ბაღის მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან გვირაბი და სარწყავი არხი გამოიყვანა. ირანიდან ჩამოყვანილი ირანელი, სომეხი და ნესტორიანელი მუშების დახმარებით მან ააშენა საირიგაციო სისტემა, საიდანაც დიდ შემოსავალს იღებდა: მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა და, განსაკუთრებით, გერმანელი კოლონისტები წყლით სარგებლობისთვის მას დიდ გადასახადს უხდიდნენ. ინგლისელი მოგზაურის უილიამ ეინსვორტის ცნობით, არხის შემოსავალი ყოველწლიურად 500 ვერცხლის რუბლს აჭარბებდა.
1831 წელს იწყება მირ ფათაჰის კარიერის დაღმასვლა, რაც დიდწილად განაპირობა პასკევიჩის მიერ თბილისის დატოვებამ და პოლონეთში აჯანყების ჩასახშობად გამგზავრებამ. მუშტაიდი მას თან გაჰყვა და 1832 წელი ვარშავაში გაატარა. თბილისში ის 1833 წელს დაბრუნდა, მაგრამ პასკევიჩის შემცვლელ ბარონ როზენთან კარგი ურთიერთობების დამყარება ვეღარ მოახერხა. როზენმა მას `განუსაზღვრელი ძალაუფლების ქონის პრეტენზია~ დააბრალა, უფლება-მოვალეობები მკვეთრად შეუზღუდა და მხოლოდ რელიგიური საკითხების მოგვარების უფლება დაუტოვა. მუშტაიდის შერყეულ მდგომარეობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ კავკასიის არქეოლოგიური კომისიის იმ პერიოდის აქტებში ის უკვე მოიხსენიება არა როგორც კავკასიის მუსლიმური კომიტეტის მეთაური, არამედ როგორც კერძო პირი. 1833 წელს მირ ფათაჰმა პირველად წარადგინა ირანში დაბრუნების თხოვნა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიკვდილი ირანის აზერბაიჯანის გენერალ-გუბერნატორის უფლისწულ აბას მირზასი, რომელთანაც მუშტაიდს განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობა ჰქონდა. შემდგომ მან არაერთხელ გაიმეორა თავისი თხოვნა, თუმცა უშედეგოდ. ბარონი როზენი თავის უარს მირ ფათაჰზე ზრუნვით ხსნიდა, რადგან, მისი აზრით, ირანში მას უეჭველი უსიამოვნებები ელოდა.
1841 წლის დეკემბერში მირ ფათაჰმა ჩუმად დატოვა თბილისი და თავის ორ ვაჟთან ერთად სტამბოლში გაემგზავრა, რამაც რუს ხელისუფალთა აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად მისი ოჯახის წევრების მტკიცებისა, რომ ის ჰაჯის შესასრულებლად იყო წასული, რუსი დიდმოხელეები ეჭვობდნენ, რომ მუშტაიდს სურდა ოსმალეთის ხელისუფლებისთვის დახმარება ეთხოვა რუსული პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველებისა და დაღესტნელების სასარგებლოდ. ასე იყო თუ ისე, მირ ფათაჰის მოგზაურობა ხანმოკლე აღმოჩნდა და ერზერუმში დასრულდა. იქ მასა და მის შვილებს შავი ჭირი დაემართათ, რასაც მისი ვაჟების სიცოცხლე ემსხვერპლა. საინტერესოა, რომ თბილისში ამ ტრაგედიის განსხვავებული ვერსია იყო გავრცელებული. ამ ვერსიის მიხედვით, მუშტაიდი და მისი ვაჟები რუსული ხელისუფლების მიერ იყვნენ მოწამლული. გადატანილი ტრაგედიითა და ავადმყოფობით დაუძლურებული მუშტაიდი ერზერუმიდან ისფაჰანში გაემგზავრა. ისფაჰანში რუსეთის კონსული გრაფი მედემი კავკასიის მთავარმართებელ ე. გოლოვინს სწერდა, რომ მირ ფათაჰი მართლაც საშინლად გამოიყურებოდა და რომ ირანში დაბრუნებას ის გადატანილი ტრაგედიითა და შერყეული ჯანმრთელობით ხსნიდა. მაგრამ არც გოლოვინსა და არც ბარონ როზენს მუშტაიდის არ სჯეროდათ და მას საეჭვო ზრახვებს მიაწერდნენ. მათ აზრი არ შეიცვალეს პასკევიჩის ემოციური წერილის შედეგადაც, რომელიც მირ ფათაჰის გაქცევას `დიდ უბედურებაზე აზიელის ტიპიურ რეაქციას~ უწოდებდა და მას ამართლებდა. როგორც ჩანს, პასკევიჩმა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მოლბობა მოახერხა და ის დაიყოლია, მუშტაიდისთვის ყველაფერი ეპატიებინა და თბილისში დაბრუნების შემთხვევაში მისთვის ძველი პრივილეგიებიც კი აღედგინა. მაგრამ მირ ფათაჰმა რუსეთის ხელმწიფის შეთავაზებაზე უარი განაცხადა: `ჩემი გონება და სინდისი ეწინააღმდეგება ჩემ თბილისში დაბრუნებას, რადგან 17 წლის განმავლობაში რუსული ხელისუფლებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურის საფასურად მხოლოდ დიდი ზარალი მივიღე~. ისფაჰანიდან მუშტაიდი თავრიზში გაემგზავრა და საბოლოოდ იქ დასახლდა. ცხოვრების ბოლო წლები მან თავრიზში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1852 წლის 24 ოქტომბერს. გადმოცემებით, მირ ფათაჰის ოჯახი _ მისი ხუთი ცოლი და სამი ვაჟი _ ირანში არ დაბრუნებულა და საცხოვრებლად თბილისში დარჩა. უილიამ ეინსვორტის ცნობით, მუშტაიდი ხშირად სტუმრობდა თავის ოჯახს თბილისში და რუსული ხელისუფლებისგან 2000 ჩერვონეც პენსიასაც იღებდა. მირ ფათაჰის ოჯახის, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი შთამომავლის აყა მირ ნემათოლაჰის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან თბილისში ჩამოსული ირანელი მოგზაურები მირზა რეზა ხან არფა ად-დოულე (1876), მოჰამად რეზა თაბათაბაი თაბრიზი (1879), მოხბერ ას-სალთანე ჰედაიათი (1879) და სხვანი. ჰედაიათის ცნობით, `აყა მირ ფათაჰის ერთ-ერთი ვაჟი აყა მირ ნემათოლაჰი აქ [თბილისში] ცხოვრობს. ირანელები მას დიდი პატივისცემით ეპყრობიან და მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო განათლება არა აქვს, თავიანთ წინამძღოლად თვლიან~. მეჰდი ბამდადის ინფორმაციით, მირზა ნემათოლაჰი მირ ფათაჰის შვილი კი არა შვილიშვილი იყო: მისი ვაჟის ჰაჯ მირზა მოჰამად აყას შვილი. ის თბილისში ცხოვრობდა, აქვე გარდაიცვალა 1905 წელს და თბილისის მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ასეთია მუშტაიდისა და მისი ბაღის ისტორია ოფიციალური წყაროების მიხედვით. მაგრამ თბილისში მუშტაიდთან დაკავშირებით გავრცელებული იყო არაერთი ლეგენდა, რომელიც თბილისურ საზოგადოებაში მის პოპულარობას ამტკიცებს. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა მირ ფათაჰის წარმომავლობას ეხება. საქართველოში გავრცელებული იყო ლოკალური ვერსია, რომელიც თავად მუშტაიდს მიეწერება. ამ ვერსიის მიხედვით, იგი კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის (1733-1744) ქალიშვილის ქეთევან დედოფლის შვილიშვილი იყო. ეს ცნობა დაცულია უცნობი ავტორის თხზულებაში `ანტონ კათალიკოსისა და ქეთევან დედოფლის ბიოგრაფიები~, რომლის ხელნაწერი მიხეილ საბინინს ეკუთვნოდა და 1893 წელს მფლობელის სურვილით გადაეცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ამ ცნობის მიხედვით, `ქეთევან იყო ქალი თეიმურაზ მეორისა, ღვიძლი დაი ირაკლი მეორისა, შობილი დედოფლის თამარისაგან. ოდეს განძლიერდა ნადირშაჰ და მოითხოვა ირაკლი მზევლად, მასვე დროსა გამოსთხოვა მას რა მისცეს მას ცოლად ქალი თვისი ქეთევან. მწუხარე მეფე იძულებული იყო და აღასრულა ნება მისი, რა დაიცვას ქრისტიანობა ქართველთა. ქეთევან ჯერეთ ყრმა 14 წლისა ასტირდა და მტირალი მიჰგვარეს მას და შეჰრთეს. მასთან ჰყუანდა ნადირშაჰს სამი ასული. ერთი ამათგანი იყო, ვითა თვით უამბო მეფის ძესა თეიმურაზს და ცოლსა მისსა, ბებია მის მუშთეიდისა, რომელმანცა მისცა პასკევიჩს თავრიზი 1827 წელსა და ჰსცხოვრობს აწ ტფილისს დიდუბის მინდორზედ~. ცნობა მცირეოდენ უზუსტობას შეიცავს: ქეთევან დედოფლის ქმარი იყო არა ნადირშაჰი (1736-1747), არამედ მისი ძმისწული _ მაშჰადის მმართველი ალი ყული ხანი, შემდგომში ალი ადელ შაჰი (1747-1748). ხელნაწერიდან ირკვევა, რომ ეს ამბავი თავად მუშტაიდმა უამბო `მეფის ძე~ თეიმურაზს, რომელშიც ალბათ გიორგი XII-ის ვაჟი თეიმურაზ ბატონიშვილი (1782-1846) იგულისხმება. ძნელი სათქმელია, არის თუ არა სიმართლის მარცვალი ამ ცნობაში, თუ მთელი ეს ისტორია მუშტაიდმა თავად მოიგონა, რათა თავი ბაგრატიონთა შთამომავლად წარმოეჩინა და ამ გზით საქართველოში თავისი სოციალური სტატუსი გაემყარებინა.
მეორე ლეგენდა მუშტაიდის ქართველ ცოლს ნინოს უკავშირდება. ამ ლეგენდის მიხედვით, მუშტაიდს სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ლამაზი ქართველი ქალი ნინო უნახავს, უყიდია იგი და ცოლად შეურთავს. ნინოს თხოვნით, რომელსაც თბილისში მშობლები ეგულებოდა, მუშტაიდი საცხოვრებლად საქართველოში ჩამოსულა. თბილისში ნინოს მშობლები ცოცხალი აღარ დახვედრია, დარდისგან ავად გამხდარა და ექვს თვეში გარდაცვლილა. მუშტაიდს ნინო სახლის წინ დაუკრძალავს და მისი საფლავის გარშემო ულამაზესი ვარდები დაურგავს. მგლოვიარე მუშტაიდი მთელ დღეებს ნინოს საფლავთან ატარებდა და იქაურობას ბუჩქებით, ყვავილებითა და ხეებით რთავდა. ასე გაშენდა ნინოს საფლავის გარშემო ბაღი, რომელიც დღემდე მუშტაიდის სახელით არის ცნობილი. ასეთია ეს თბილისური ლეგენდა, რომელიც საკმაოდ გვიანდელია და, სავარაუდოდ, 1950-იან წლებს განეკუთვნება. ყოველ შემთხვევაში, მას არ იცნობს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის არცერთი წყარო, რომლებიც გვაწვდის ცნობებს მუშტაიდისა და მისი ბაღის შესახებ. ბევრი რამ ამ გადმოცემაში აშკარად ეწინააღმდეგება დოკუმენტურ ინფორმაციას _ თუნდაც ამბავი მუშტაიდის თბილისში გადმოსვლისა, რაც, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთის ხელისუფლების კაბინეტებში გადაწყდა და არა სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე. ზოგი მკვლევარი ნინოს საფლავს უკავშირებს მუშტაიდის ბაღში ერთ-ერთი ატრაქციონის დემონტაჟის დროს ნაპოვნ საფლავის ქვას, თუმცა ამ ქვაზე არანაირი წარწერა არ არის. ეს ფაქტი ამ ადგილას სოფელ დიდუბის ძველი სასაფლაოს არსებობითაც შეიძლება აიხსნას.
ამ ლეგენდის ერთგვარი გაგრძელებაა მუშტაიდის ბაღში მდგარი `ნინოს ქანდაკების~ ისტორია, რომლის ავტორი მსახიობი და ჟურნალისტი დამანა მდივნიშვილია. ეს ისტორია მის ბავშვობის მოგონებას უკავშირდება: `ბავშვობაში მამას ძალიან ხშირად დავყავდი მუშტაიდის ბაღში... ეს ძეგლი შესასვლელში იდგა. საოცარი ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი მას. სულ ვფიქრობდი, რა ბედნიერია, სულ ამ ბაღშია-მეთქი. თან მთლიანად წითელი ვარდებით იყო გარშემორტყმული~. დ. მდივნიშვილის ცნობით, ეს ქანდაკება ნინოს საფლავთან თავად მუშტაიდს დაუდგამს, ანუ იგი სულ გვიან 1840 წლამდე უნდა გაკეთებულიყო, რაც ყველა სხვა მიზეზთან ერთად, ისტორიულადაც გამორიცხულია: ცნობილია, რომ პირველი ცალკე მდგარი ქანდაკება თბილისში მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის სკულპტურული ძეგლი იყო და ის მხოლოდ 1867 წელს დაიდგა. მუშტაიდის ბაღში ძეგლის არსებობას არ უთითებს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის არცერთი წყარო, მათ შორის არც ირანელი მოგზაურები, რომელთაც გამორჩეულად აინტერესებდათ ირანული კვალი თბილისში. მათი ჩანაწერები სავსეა ბაღის დეტალური აღწერებით და იქ რომ ქანდაკება მდგარიყო, მათ, ცხადია, ეს მათთვის უცხო მოვლენა არ გამორჩებოდათ. შესაძლოა, 1930-50-იან წლებში მუშტაიდის ბაღში მართლაც დაიდგა რაღაც ქანდაკება _ თაბაშირის სტერეოტიპულ ქანდაკებებს იმ დროს ხომ თითქმის ყველა საბჭოთა პარკში ნახავდით, _ მაგრამ, რა თქმა უნდა, მას მუშტაიდთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა. დ. მდივნიშვილმა მის მიერ შედგენილ `ქართველ ლამაზ ქალთა~ ფოტოალბომში ნინო მუშტაიდიც შეიყვანა და მისი ფოტოც კი დაურთო. სინამდვილეში ეს ფოტო ლათინური ანბანის ასოებით მოჩარჩოებული 1900-იანი წლების ფრანგული ღია ბარათების სერიიდან არის (კერძოდ, მოტანილია ასო P-ს ღია ბარათის ქვედა ნაწილი) და მასზე იმდროინდელი ფოტომოდელია აღბეჭდილი.
რაც შეეხება მუშტაიდის ბაღს, მირ ფათაჰის მერე მან არაერთი მფლობელი გამოიცვალა. 1841 წელს, ირანში დაბრუნების წინ მუშტაიდმა ის მიჰყიდა თბილისის ვაჭართუხუცესს, ვინმე მელიქ-ბეგლაროვს. სავარაუდოდ, მან მარტო ბაღი გაყიდა და სახლი, რომელიც განაპირას, მტკვრის პირას იდგა, დაიტოვა, რადგან, გადმოცემებით, მისი ოჯახი იქ კიდევ გარკვეულ ხანს ცხოვრობდა. 1853 წელს გაკოტებულმა ბეგლაროვმა ბაღი 70000 რუბლად მიჰყიდა საქალაქო ხაზინას სასოფლო-სამეურნეო ფერმისთვის. 1860-იან წლებში ბაღი სახალხო სასეირნო ადგილი გახდა და შიგ ბუფეტი-რესტორანი და საზაფხულო თეატრი აშენდა. როგორც იმდროინდელი გაზეთების სარეკლამო განცხადებები გვამცნობს, ბუფეტში რუსული და უცხოური სასმელები იყიდებოდა, ხოლო აზიურსა და ევროპულ საჭმელებს გამოცდილი კულინარები ამზადებდნენ. ბაღის კეთილმოწყობას გრიგოლ ორბელიანი მაშინდელ მთავარმართებელ ბარიატინსკის უმადლოდა: `უწინდელი მუშტაიდის ბაღი მთავარმართებელმა გაადიდ-გაალამაზა და შექმნა პუბლიკისთვის სასეირნოდ და სალხინოდ~. ბაღში ე. წ. ზოოლოგიური კუთხეც კი არსებობდა, თუმცა მისი ბინადარი მხოლოდ ერთი ტურა იყო.
კოლონიის ტერიტორიაზე გარდა მუშტაიდისა კიდევ რამდენიმე ბაღი იყო: იტალია, მონპლეზირი, სან-სუსი და სხვა, მაგრამ არცერთი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობდა, როგორც მუშტაიდის ბაღი. `თბილისელთა ბულონის ტყე~, `საქართველოს დედაქალაქის პრატერი და სოკოლნიკები~, `ედემის ბაღი~, `ამქვეყნიური სამოთხე~ _ ასე მოიხსენიებდნენ მას თბილისის სტუმრები. შეიძლება ითქვას, რომ მუშტაიდის ბაღი XIX საუკუნის თბილისის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი იყო. თუ ქალაქის დაბალი ფენა ძირითადად ორთაჭალისა და კრწანისის ბაღებში ერთობოდა, მაღალი ფენის წარმომადგენლები დროს ალექსანდრეს და მუშტაიდის ბაღებში ატარებდნენ. აქ მუდამ საზეიმო განწყობილება სუფევდა. ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები, კონცერტები, სპექტაკლები, საცირკო ატრაქციონები, თამაშდებოდა საქველმოქმედო ლატარიები კონცერტებისა და საზეიმო ფეიერვერკების თანხლებით. ლატარია იმართებოდა ხან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ხან ობოლ ბავშვთა თავშესაფარის და ხანაც გაჭირვებაში ჩავარდნილი კერძო პირების მხარდასაჭერად, რასაც საზოგადოებას გაზეთები ამცნობდნენ. ბაღში დგამდნენ კარვებს, სადაც ქველმოქმედი ქალბატონები ლატარიის ბილეთებს ჰყიდდნენ, როტონდაში კი გამოფენილი იყო გასათამაშებელი ნივთები. ასეთი ლატარიების შემოსავალი ხშირად 1000 მანეთს აჭარბებდა. ამ ღონისძიებებზე დასწრების მსურველთათვის ალექსანდრეს ბაღიდან ყოველ ნახევარ საათში გადიოდა დილიჟანსი. ქალებისთვის შესვლა უფასო იყო, მამაკაცთა ბილეთი კი ერთი მანეთი ღირდა.
მუშტაიდის ბაღში სახალხო სეირნობას ასე აღწერს ა. ლაისტი: `აქ ყოველ საღამოს ხუთი საათიდან შუაღამემდე გაცხარებული დროსტარებაა... ამ ამწვანებულ დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება. ხეივნებში დაჰქრიან ეტლები, ცხენებს დააჭენებენ ვაჟები და ამაზონკებში გამოწყობილი ქალები... რაინდული შეხედულების ჩაუქი ახალგაზრდობა დასეირნობს გრძლად ჩამწკრივებულ სკამებს შორის, რომლებზეც თითქმის გაუნძრევლად სხედან საქართველოს მშვენიერი და წყნარი ასულნი... მთვარიან ღამით დროსტარება უფრო საინტერესო ხდება~.
1880-იან წლებში ბაღის შედარებით დიდი ნაწილი არენდით გადაეცა კერძო პირებს იმ პირობით, რომ მას საქალაქო სასეირნო პარკის ფუნქცია შეუნარჩუნდებოდა, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი გადავიდა სახელმწიფო ქონების სამინისტროს დაქვემდებარებაში და გადაიქცა მეაბრეშუმეობის სადგურის ბაზად. ბაღის შესასვლელთან მოეწყო როტონდა-რესტორანი სახელად `ტრამვაი~. ბაღი მთელი ღამე გაზის ლამპიონებით იყო განათებული. 1896 წელს გარდა რესტორნისა, მასში ფუნქციონირებდა `ტფილისის საკრებულო~, `გერმანული კლუბი~ და თეატრი, სადაც ხშირად იმართებოდა დრამატული და მუსიკალური წარმოდგენები გასტროლებზე ჩამოსულ მსახიობთა მონაწილეობით. ამბობენ, რომ სწორედ მუშტაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა. თბილისის ცნობილი მომღერალი სათარაც ხშირად მღეროდა მუშტაიდის ბაღში გამართულ კონცერტებზე. უქმე დღეებში ბაღის ღია სცენაზე უკრავდა სასულე ორკესტრი, ხოლო პარასკეობით, როცა მუსლიმების დღესასწაული ჯუმაა, იმართებოდა აღმოსავლური ვოკალური კონცერტები. ამ კონცერტებს ასე აღწერს გაზეთ `კავკაზის~ კორესპონდენტი: `პარასკეობით საღამოს 6 საათზე მუშტაიდის ბაღში იკრიბება თბილისის მუსლიმი მოსახლეობა. ცხვრის ქუდებში გამოწყობილი ბატონები ესტრადაზე სხდებიან. მომღერალი შუაში დგება და კონცერტი იწყება. თავიდან ის მარტო მღერის, მერე სხვებიც უერთდებიან და იწყება გუნდური სიმღერა~. მუშტაიდის ბაღში გამართულ კონცერტს ასე იხსენებს 1900 წელს თბილისში ჩამოსული ყაჯარი დიდგვაროვანი ზაჰირ ად-დოულე: `მშვენიერი მუსიკა უკრავდა და ჩვენ ცოტა ხანს მუსიკის მოსასმენად დავსხედით. ორკესტრის დირიჟორმა რომ დაგვინახა, ბრძანა, ირანული მელოდია დაეკრათ. ასეთი კარგი დაკვრა ირანშიც კი არ მომესმინა~.
საქართველოში ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებს მიღებებსა და მეჯლისებს უმეტესად მუშტაიდის ბაღში უმართავდნენ. 1859 წლის 6 სექტემბერს ქართველმა თავადაზნაურობამ აქ გამართა საზეიმო წვეულება და მეჯლისი მეფისნაცვალ თავად ა. ბარიატინსკის საპატივსაცემოდ, რომელიც 25 აგვისტოს იმამ შამილის დატყვევების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. თბილისში პირველი ძეგლის მიხეილ ვორონცოვის ქანდაკების გახსნასთან დაკავშირებით 1867 წლის 25 მარტს მუშტაიდის ბაღის პავილიონებში გაიმართა საზეიმო სადილი. პავილიონები ვორონცოვის ჯარისკაცების მუნდირის ფერებში _ თეთრ-წითლად იყო მორთული. მთავარ პავილიონში კი ვორონცოვისა და მისი ცოლის დიდი პორტრეტები ეკიდა და ვორონცოვის ბიუსტი იდგა. 1888 წლის 30 სექტემბერს კი თბილისში ჩამოსული რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ მუშტაიდის ბაღში გაიმართა გრანდიოზული სახალხო სეირნობა და საზეიმო ცერემონიალი ილუმინაციებით, რომელსაც დაესწრო იმპერატორი ოჯახითა და ამალით. მუშტაიდის ბაღი განსაკუთრებით ირანელ სტუმრებს იზიდავდა. 1873 წლის 30 აგვისტოს აქ საზეიმო შეხვედრა და მეჯლისი მოუწყეს ირანის შაჰს ნასერ ად-დინს. ბაღს, რომელიც მათ სამშობლოსთან იყო დაკავშირებული, თითქმის ყველა ირანელი მოგზაური სტუმრობდა. თავიანთ სამოგზაურო ჩანაწერებში ისინი ხოტბას ასხამენ ბაღს და ამაყად გვამცნობენ, თბილისის ყველაზე ცნობილი ბაღი ირანელის აშენებულიაო. `თბილისში მთელ რუსეთში საუკეთესო ბაღებია და მათ შორის არის მოჯთაჰედის ბაღიც, რომელსაც ბადალი არა ჰყავს _ წერს მირზა აბდ არ-რაუფი _ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ბევრი წარმტაცი ბაღია, რომელთა კეთილმოწყობაზეც მილიონები იხარჯება, არცერთი ასეთი მომხიბლავი და დახვეწილი არ არის. ირანელი მოგზაურები რამდენადაც აქებენ ამ ბაღს, იმდენად ლანძღავენ მის ამშენებელს, როგორც ირანის მოღალატეს. `რწმენის ამსოფლიურ სიამეზე გამყიდველები სულელები არიან, / რწმენას რომ ყიდიან, ნეტავ, სანაცვლოდ რას ყიდულობენ~ _ მირ ფათაჰის საქციელის შეფასებისას ომარ ხაიამის ლექსს იშველიებს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ჰაჯ მეჰდი ყოლი ჰედაიათი.
1900-იანი წლებში მუშტაიდის ბაღი ხაზინისგან თბილისელმა ვაჭარმა მელქო ავეტის ძე გორგიჯანოვმა ექვსი წლით არენდით აიღო წლიურად 2400 მანეთად და იმ პერიოდში მას მუშტაიდის გარდა გორგიჯანოვის ბაღსაც ეძახდნენ. გორგიჯანოვმა ბაღში კაფე-შანტანი მოაწყო, სადაც გამოდიოდნენ რუსი და უცხოელი არტისტები და ცირკის მსახიობები. მაშინდელი პრესის ფურცლებზე შეხვდებოდით შემდეგ სარეკლამო განცხადებას:
`დირექცია მ.ა. გორგიჯანოვისა.
მიხეილის პრ., მუშტაიდის ბაღის შესასვლელთან, ტელეფ. #152.
ბაღი და თეატრი გორგიჯანოვისა.
ყოველდღე `ვარიეტე~ (როტონდაში _ ფანჩატური, გუმბათიანი მრგვალი ნაგებობა)~.
1909 წელს ბაღი არენდით ვინმე ალ. მარტიროსოვმა აიღო. როგორც ჩანს, მოიჯარადრე-მფლობელები ბაღის კეთილმოწყობაზე ნაკლებად ზრუნავდნენ და, ძირითადად, საკუთარი ვარიეტეს მომგებიანად მუშაობაზე ფიქრობდნენ. თვითმხილველების აღნიშვნით, ბაღი მოუწყობელი და დაუგველი იყო, აკლდა სკამები, ლამპიონები, მტკვრის პირას განლაგებული ფანჩატურებიც შეკეთებას მოითხოვდა. გაფუჭებულ ხეივნებში საშინელი მტვერი იდგა.
1918 წელს ბაღი დაუბრუნდა ქალაქის თვითმართველობას, ხოლო 1919 წელს დანაწევრდა და ნაწილ-ნაწილ გადავიდა რკინიგზის სამმართველოს, სააბრეშუმო სადგურისა და ქალაქის გამგებლობის საკუთრებაში. ქალაქის გამგებლობამ იგი გადასცა რკინიგზელთა პროფკავშირს იჯარით იმ პირობით, რომ მოიჯარადრე მოუვლიდა მას და მოსახლეობისთვის ღიად დატოვებდა. საბჭოთა პერიოდში ბაღი ხან ზაქარია ჩოდრიშვილის, ხან სერგო ორჯონიკიძის სახელს ატარებდა, თუმცა ხალხი მას მაინც ძველი სახელით მოიხსენიებდა. 1989 წელს ბაღს ოფიციალურად დაუბრუნდა ძველი სახელი და დღესაც მუშტაიდის სახელს ატარებს.
ვახტანგ სიდამონიძე, თბილისის ბაღის გამშენებელი, საქართველოს ბუნება, #6, ივლისი, 1972, გვ.12.