ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1918 წელს ქართველი ხალხის დიდი შვილის, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ამ დროიდან მოყოლებული 1933 წლამდე თბილისში ფუნქციონირებდა.
1933 წლის 8 იანვრის დადგენილებით კი, რასაც შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენა მოჰყვა, ხსენებული პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადავიდა და ამავე წლის 13 თებერვლიდან აქ განაგრძო ფუნქციონირება, იგი 1933-1990 წლებში ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა. ინსიტუტმა ქალაქის ცენტრში დაიდო ბინა, შენობაში, სადაც თავდაპირველად რეალური სასწავლებელი იყო განთავსებული. პირველ სასწავლო წელს (1933წ.) ქუთაისში დაფუძნებული პედინსტიტუტის პირველ და მეორე კურსებზე თბილისიდან ჩვენს ქალაქში გადმოსული 700- მდე სტუდენტი სწავლობდა. მათთან ერთად ქუთაისში სამუშაოდ გადმოვიდნენ მათი პროფესორ - მასწავლებლებიც. სხვადასხვა წლებში უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობდნენ და ლექციებს კითხულობდნენ: გიორგი ახვლედიანი (1887-1973), ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994), კოტე ბაქრაძე (1898-1970), ივანე ბერიტაშვილი (1884-1974), ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ლევან გოკიელი (1901-1975), ვარლამ თოფურია (1900-1966), ივანე კაჭარავა (1894-1977), კორნელი კეკელიძე (1879-1962), ნიკო კეცხოველი (1897-1982), მათე მირიანაშვილი (1906-1975) , შალვა ნუცუბიძე (1888-1969), მიხეილ საბაშვილი (1900-1979), დიმიტრი უზნაძე (1886-1950), ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981), აკაკი შანიძე (1887-1987), ვასილ ჩანტლაძე (1904 -1995), არნოლდ ჩიქობავა (1898-1985), და სხვ .
1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა, რაც ლოგიკური დაგვირგვინება იყო იმ დიდი საქმიანობისა, რომელსაც ეს ინსტიტუტი წარმატებით ეწეოდა მისი არსებობის თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში.
ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ოფიციალური სტატუსი 1973 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა და იგი საზეიმოდ 1974 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა.
ქალაქში ახალი ინსტიტუტის დაარსებას წინ უძღოდა მრავალწლიანი მოსამზადებელი პერიოდი. 1946 წელს ქუთაისში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო-საკონსულტაციო პუნქტი გაიხსნა, რომელიც 1953 წელს საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტად გადაკეთდა. 1968 წელს მას დღის დასწრებული სწავლების განყოფილება დაემატა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფაკულტეტად ჩამოყალიბდა.
1974 წელს ქუთაისის ფაკულტეტის ბაზაზე პოლიტექნიკური ინსტიტუტი გაიხსნა, რომელსაც 1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა.
უმაღლესი სასწავლებლის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა მსუბუქი, საფეიქრო და კვების მრეწველობის საინჟინრო სპეციალობები. პირველად გახსნილ კათედრებს: ფილოსოფიის, უმაღლესი მათემატიკის, საინჟინრო გრაფიკისა და მხაზველობითი გეომეტრიის, ფიზიკის და გამოყენებითი ტექნიკური მექანიკის კათედრები წარმოადგენდა. მათ რიცხვს თანდათან შემოემატა ელექტროტექნიკისა და საფეიქრო მრეწველობის, კვების ტექნოლოგიის, ეკონომიკის კათედრები. გაფართოვდა და გაძლიერდა სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მსუბუქი მრეწველობის დარგობრივი ლაბორატორიები. გაიხსნა ავტოსაგზაო, საინჟინრო მექანიკის, ელექტროტექნიკის ფაკულტეტები.
1992 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და იგი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტად იწოდება.
კადრების მომზადების, სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და მოწინავე ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული ფართო კავშირების შედეგად უნივერსიტეტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის ისტორია ამ შვიდი ათწლეულის წინათ დაიწყო და ამჟამად იგი შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის კულტურულ-ინტელექტუალური და ზნეობრივი აღზრდის საქმეში. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებების ფართო სპექტრით. უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს:
- მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;
- პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით;
- თანამედროვე და აქტუალური სამეცნიერო კვლევების წარმართვა;
- სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში რეგიონისა და ქვეყნის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინება;
- საზოგადოებაში ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.