წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლა, თბილისში, არის საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოება, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები ერთად მუშაობენ მოსწავლეთა აკადემიური წინსვლისა თუ პიროვნული განვითარებისათვის. სკოლის მცირერიცხოვანი ჯგუფები ხელს უწყობს კლასში მეგობრული, თავისუფალი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას, რაც, თავის მხრივ, იდეალური წინაპირობაა სასწავლო პროცესის წარმატებით განსახორციელებლად.
სკოლა იყენებს ტრადიციული და ინტერაქტიური სწავლა-სწავლების მეთოდებს სრული ქართული ეროვნული სასწავლო გეგმისა და ინგლისის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი ნაწილის დასაფარავად. უცხოელი მოსწავლეებისათვის კეთდება სპეციალური, მათ საჭიროებაზე მორგებული პროგრამები. სკოლის ყველა მოსწავლე ემზადება საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული კვალიფიკაციების (საშუალო სკოლის ატესტატის) მისაღებად, რომელიც გზას უხსნის მათ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისაკენ.
ჩვენ მუდმივად ვაახლებთ სამოქმედო გეგმებს და ვეძებთ გაუმჯობესებისა თუ განვითარების გზებს, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი ყველა ჩვენი მოსწავლის სამომავლო წარმატებაა.